ოპოზიცია გუშინ, 12 სექტემბერს კიკვიძის ბაღში გამართულ კონცერტს ეხმაურება.
ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ერთის მხრივ, სხვადასხვა დაწესებულებებში შეზღუდვების დაწესება, ხოლო მეორეს მხრივ, მერიის ნებართვით კონცერტის გამართვა, ორმაგი სტანდარტია და ეს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს.
"გუშინ ღამე კრიმინალურმა პოლიციამ ჩამოიარა და ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, ბარებსა და რესტორნებს მიუთითა რომ დაეხურათ თავისი დაწესებულებები. მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ მერია ხალხმრავალ ღონისძიებებს ატარებს. ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და რაც მთავარია ეს აზიანებს ისედაც მიწასთან გასწორებულ ეკონომიკას". - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება აკრძალვების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს და ის ამით "ცეცხლს ეთამაშება".
"არ შეიძლება ერთის მხრივ მთავრობა გამოსცემდეს განკარგულებას, რომ სკოლებში ბავშვებმა არ უნდა იარონ და მეორეს მხრივ, ამავე ბავშვებს მათივე ნებართვით უტარებდნენ უკონტროლო კონცერტს. აქედან გამომდინარე სახეზე არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს სათავისოდ მოირგოს აკრძალვებიც, ნებართვებიც და რაოდენობების წარდგენაც საზოგადოებისთვის. სინამდვილეში ისინი ეთამაშებიან ცეცხლს და ეს არ არის კოვიდის ცეცხლი, ისინი ეთამაშებიან ადამიანების მოთმინების ფიალას". - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი,.
გუშინ 12 სექტემბერს, მერიის ნებართვით კიკვიძის ბაღში კონცერტი გაიმართა. როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, მათ კონცერტის აკრძალვის უფლება არ ჰქონიათ.
ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს.